მოქმედება ვითარდება ხევის ერთ–ერთ სოფელში. გუგუა ფიჩიტაურს ცოლად მოჰყავს თექვსმეტი წლის ძიძია. თუმცა ადათის და ტრადიციის მიხედვით მომოვალ ცოლ–ქმარს ჯვრისწერამდე ერთმანეთის ნახვის უფლება არ აქვთ. ამიტომ გუგუა მაყრიონს გაგზავნის ძიძიას ოჯახში. ხელისმომკიდედ კი თანასოფლელ ონისეს აირჩევს. სწორედ ონისეს ევალება პატარძლის მომოვალ ქმართან მშვიდობიანად და უვნებლად მიყვანა. თუმცა პირველივე შეხვედრისთანავე ონისეს და ძიძიას ერთმანეთი შეუყვარდებათ. ძიძიას დედა ხაზუა კი სიტყვას ჩამოართმევს ონისეს, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი მშვიდობით ჩააბაროს საქმროს. ონისე პირობას დადებს.
- ონისე - ონისე ხევისბერი გოჩას ერთადერთი ძეა. მას თავდავიწყებით შეჰყვარებია თავისი მეგობრის ცოლი - ძიძია, ვისი ხელისმომკიდეც იყო ქორწილში, ხევის კანონებით იგი ძმად უნდა მიეღო ძიძიას. ონისეს გულში ქარიშხალი დატრიალდა. მის არსებაში მოვალეობა გრძნობას დაუპირისპირდა. ერთი მხრივ, მამის გაფრთხილება - „გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!“ - შეახსენებდა ვალდებულებებს სათვისტომოსა და მამის წინაშე, მეორე მხრივ, სიყვარულს ისე ძლიერ მოუცავს მისი არსება, თავგზას აკარგვინებს. ონისე ცდუნებას იოლად არ ნებდება. ყოველ ღონეს ხმარობს თავიდან ამოიგდოს ძიძიას მტანჯველი სიყვარული. ქორწილის შემდეგ თუშეთში მიდის დარდის გასაქარვებლად, მაგრამ ბრუნდება თუ არა, ხვდება, რომ განშორების გრძნობა გაუათკეცებია. სატრფოსთან შეხვედრა არწმუნებს თავისი სურვილების ჭეშმარიტებაში, ხოლო როდესაც ძიძიასგან საპასუხო ამბორს იღებს, უცნაურ აღფრთოვანებას, ძალის მოზღვავებას გრძნობს.მაგრამ ნუგზარ ერისთავის განზრახვას რომ შეიტყობს, ონისეში უმალვე მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა იღვიძებს. მას ღალატი გულშიც კი არ გაუვლია. ამას მამასთან გამოსათხოვარი სცენაც მოწმობს, ხევისბერი აფრთხილებს შვილს, მამა-პაპათა საფლავების დაცვისკენ მოუწოდებს; თუ სიკვდილი გიწერია, ვაჟკაცად მოკვდი, ისე რომ ხევს შენი დამარხვა არ ეთაკილებოდესო. „-მაგას ნახავ!“ - პასუხობს ონისე და მისი სიტყვების გულწრფელობაში ეჭვიც კი არ შეგეპარებოდა. თუმცა ბედისწერა უმძიმეს გამოცდას უმზადებდა.
- ძიძია – თექვსმეტი წლის პატარძალი. ძიძიას გათხოვება საყოველთაოდ მიღებული წესის მიხედვით ხდება და როგორც ავტორი გვამცნობს, მას არაერთი ღამე ჰქონდა გატარებული იმის ფიქრში თუ როდის გახდებოდა ქალი და შეერთვებოდა გუგუას. თუმცა ამ ფიქრებს ფაქტია, რომ არაფერი ჰქონდა საერთო გუგუას მიმართ რეალურ ფიზიკურ ლტოლვასთან.როგორც კი ძიძია და ონისე პირველად დაინახავენ ერთმანეთს, პირველივე შეხებისთანავე რაღაც ისეთი მოხდება მათში, რაც მთელს მათ დარჩენილ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. ერთმანეთის მიმართ გაჩენილი ვნებათა ქარცეცხლი ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდება და მათ წარმოდგენებში აქამდე არსებული ტრადიციული სტერეოტიპული წარმოდგენები ქალისა და მამაკაცის ურთიერთობების შესახებ უკვალოდ გაქრება. თავიდან ორივე ებრძვის ამ გრძნობას. მათ ესმით, რომ ეს არ შეიძლება. ონისე წავა ცხვარში, ძიძია კი ხდება მორჩილი ცოლი. თუმცა ერთგვარი პროტესტის ნიშნად ძიძია არ პასუხობს ქმარს სიყვარულით. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგადაა, თუმცა ეს მოჩვენებითი სიმშვიდე ირღვევა მას შემდეგ რაც ონისე სოფელში ბრუნდება. მიუხედავად უდიდესი რისკისა, ძიძია და ონისე წამოიწყებენ ძალიან სახიფათო, მაგრამ ამავე დროს ვნებებით და მძაფრი ემოციებით დატვირთულ ურთიერთობას. საბოლოოდ ყველაფერი ძიძიაზე გადატყდება. მართალია მას არ ჩაქოლავენ, თუმცა თემიდან ის საბოლოოდ გაირიყება.
გუგუა ფიჩიტაური – მოხევე საქმრო. ის თავიდანვე ეჭვობდა, რომ ცოლს არ უყვარდა. თუმცა როცა ძიძიასთან ვერაფერს გააწყობს, გადაწყვეტს ონისეს მოკვლას. თუმცა ეს არ გამოუვა და ღალატი დაბრალდება. გუგუამ, რომელიც ონისესავით ეჭვმიტანილი იყო ღალატში, თავი მოიკლა (ცოტა ხნით ადრე კი ონისეს დანანებით უთხრა: „სიკვდილს არ ვნანობ, მაგრამ ვაი ამითი, რომ ყველასთვის მოძმეთ მოღალატე დავრჩები“. მანამდე ის გოჩამ თემისგან მოკვეთა. ხევისბერმა რატომ არ გამოუტანა მას იმგვარივე განაჩენი, ხომ ამბობს, რომ ისიც შვილივით უყვარს? ამ შემთხვევაში, არ მოხდა მის გონებაში გუგუასა და მისი გულისთქმის იმგვარი შეხვედრა, ერთგვარ აფეთქებას რომ გამოიწვევდა. იღუპება ონისე, გოჩა, ძიძია, გუგუა. რჩება თემი და მისი რჩეული წარმომადგენლობა (ბომონდი), რომელიც მანამდე ამჟღავნებს ბელადისადმი პატივისცემას, ვიდრე ის საბედისწერო ზღვარს გადალახავს, ვიდრე ის ქვეყნის სასაცილო გახდება, რათა შემდეგ, ისეთივე წარმატებით დააყაროს თავზე ნაცარი, როგორც მანამდე გუნდრუკს უკმევდა“.